ბითაძის მორიგი კარგი შეხვედრა და 8 ქულა „სან ანტონიოსთან“ - „ინდიანამ“ მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის მორიგი კარგი შეხვედრა და 8 ქულა „სან ანტონიოსთან“ - „ინდიანამ“ მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა“ „შარლოტთან“ უშანსოდ მარცხის შემდეგ „სან ანტონიო სპარსს“ ესტუმრა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, მატჩის ბედი კი ოვერტაიმში გადაწყდა.

ქართველ კალათბურთელს თავის გამოჩენისთვის არც თუ ისე დიდი დრო ჰქონდა. მიუხედავად დომანტას საბონისის არ ყოფნისა, მას ნეიტ ბიორკგრენმა სათამაშოდ მხოლოდ 14 წუთი და 38 წამი მისცა. გოგამ 8 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 1 პასი დააგროვა. მან საშუალო დისტანციიდან ოთხჯერ ისროლა და ორჯერ ბურთი კალათში მოათავსა, ერთხელ კი სამიანის ჩაგდებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აღსანიშნავია ის, რომ ახალგაზრდა ცენტრმა ოთხიდან ოთხი საჯარიმო გამოიყენა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. საერთო ჯამში, მან საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა.

 

შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველ პერიოდში გუნდები თანაბრად გამოიყურებოდნენ და მეოთხედი „სან ანტონიოს“ მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე მეოთხედში „ინდიანამ“ გუნდური თამაშის წყალობით მეტოქეს აჯობა და 9 ქულის სხვაობით გაექცა. მიუხედავად ამისა, გრეგ პოპოვიჩის მოთამაშეებმა მაინც შეძლეს მატჩში დაბრუნება და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში კი „პეისერსი“ უნაკლოდ გამოიყურებოდა და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა 139:133.

 

სან ანტონიო – ინდიანა 133:139 (ოვერტაიმი)

საბონისის არ ყოფნაში გუნდს კარის ლევერტმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნაა. „ინდიანა პეისერსი“ გუნდურ კალათბურთს თამაშობდა, რაც მოთამაშეების სტატისტიკიდანაც ჩანს, რადგან 18 ქულა სამმა კალათბურთელმა – აარონ ჰოლიდეიმ, ტი ჯეი მაკკონელმა და მაილს ტერნერმა გაიფორმა. „სან ანტონიოდან“ საუკეთესო 25 ქულით დემარ დეროზანი იყო, 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კელდონ ჯონსონმა.

ბითაძის გუნდისთვის ეს რეგულარულ სეზონში 22-ე გამარჯვება იყო. „ინდიანა“ მე-9 ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 7 აპრილს მე-10 ადგილზე მყოფ „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.