ბითაძე ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრშია - ის უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს #1TVSPORT
ბითაძე ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრშია - ის უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს #1TVSPORT

გოგა ბითაძე ბოლო თამაშებში ამტკიცებს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და ამერიკული მედიისთვის ყოველდღე ეს უფრო თვალსაჩინო ხდება. „ინდიანა პეისერსი“ ამ სეზონში საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება და ეს დიდწილად იმის ბრალია, რომ წამყვანი კალათბურთელები ძალიან იტვირთებიან, ნეიტ ბიორკგრენი კი როტაციას ხშირად არ მიმართავს.

ამ საკითხს 8points9seconds-იც გამოეხმაურა და საინტერესო სტატია გამოაქვეყნა სათაურით – ინდიანამ“ ახალგაზრდა კალათბურთელები უნდა ათამაშოს.

სტატიის ავტორი ლიუკ პერიში წამყვანი კალათბურთელების დომანტას საბონისის, მალკოლმ ბროგდონისა და კარის ლევერტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ზედმეტად ბევრ დროს ატარებენ პარკეტზე.

„კარგად მესმის, როცა საუკეთესო კალათბურთელებს ათამაშებ და საუკეთესო გზით ცდილობ მატჩების მოგებას, მაგრამ ამ სეზონში ეს „ინდიანას“ შემთხვევაში არ მუშაობს. ახალგაზრდა მოთამაშეების მიქსის გარეშე, რომლებიც განვითარების დროს კარგავენ, „პეისერსს“ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, რაც შესაძლოა, შემდეგ სეზონებშიც გაგრძელდეს“.

8points9seconds ახალგაზრდა მოთამაშეებზე საუბრობს და გოგა ბითაძესაც საკმაოდ დიდ მონაკვეთს უთმობს.

„ოლ სტარის შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ, ბითაძე ფენომენალურად გამოიყურება, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი დრო, რომ მისი გავლენა ბოლომდე წარმოაჩინოს. შესვენების შემდეგ გოგას მონაგარი საშუალოდ 4.7 ქულა, 3.3 მოხსნა და 1.3 დაფარებაა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საშუალოდ 10 წუთი თამაშობს. მაშინ როცა ტერნერს შეტევაში დიდი როლი არ აქვს და საბონისი ზედმეტად ბევრ სათამაშო დროს იღებს, გოგა მოედანზე უფრო მეტ დროს იმსახურებს. მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, როცა შესაძლებლობა მიეცა და შეუძლია ტერნერი კარგად დააზღვიოს, იმ შემთხვევაში თუ გუნდი ამ კუთხით განვითარების საშუალებას მისცემს“.

ფაქტია, რომ გოგა სტატისტიკის მიხედვით, სათამაშო დროს მაქსიმალურად იყენებს და ბოლო დროს „ინდიანას“ ერთ-ერთი ნათელი წერტილია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 1 აპრილს „მაიამის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მე-8 ადგილისთვის ბრძოლაში მისი მთავარი კონკურენტია.