ბითაძემ „იუტას“ წინააღმდეგ 15 წუთი ითამაშა - „ინდიანა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა [ვიდეო]

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსიNBA-ის მორიგ შეხვედრაში დასავლეთ კონფერენციის ლიდერს „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და 95:103 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 15 წუთი და 19 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 4 ქულა, 5 მოხსნა (3 დაცვაში, 2 შეტევაში) და 1 დაფარება დააგროვა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, მან 4-ჯერ ისროლა სამქულიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას NBA-ის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველთან რუდი გობერთან მოუწია თამაში. შეგახსენებთ, რომ „იუტას“ ცენტრი აქამდე ორჯერ გახდა ლიგის საუკეთესო მცველი.

მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა 47:47. მესამე მეოთხედში „იუტამ“ უპირატესობა მოიპოვა და 7 ქულით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში სხვაობა 10 ქულამდეც გაიზარდა, მაგრამ 8:0 გაქცევის შემდეგ „პეისერსი“ თამაშში დაბრუნდა და მალე ანგარიშიც გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, „ჯაზმა“ მაინც მოახერხა წინ გასვლა და მეტოქის დამარცხება.

დონოვან მიტჩელმა ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა და სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მან 27 ქულასთან და 11 გადაცემასთან ერთად, 9 მოხსნაც დააგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა რუდი გობერმაც, რომლის ანგარიშზე 16 ქულა და 16 მოხსნა იყო. „ინდიანადან​კი დომანტას საბონისი გამოირჩა, ლიეტუველმა კალათბურთელმა 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.

დატოვე კომენტარი