განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სწორ ნაბიჯებს დგამს - „ფორბსი“ გოგა ბითაძეზე
განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და სწორ ნაბიჯებს დგამს - „ფორბსი“ გოგა ბითაძეზე

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ საქართველოს ნაკრების და „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრის, გოგა ბითაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე იზრდება და გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ეხმარება“, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„როცა „ინდიანა პეისერსის“ მთავარი მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენი ახალგაზრდა ცენტრის, გოგა ბითაძის თამაშზე საუბრობს, ის ყოველთვის ხმარობს ერთ ფრაზას: „ვფიქრობ, რომ მას კარგი ვერტიკალური დაცვა აქვს“, – ასე აღნიშნავს ბიორკგრენი ბითაძის დაცვაში თამაშს. „პეისერსის“ მთავარი მწვრთნელი კონკრეტულად იმაზე მიანიშნებს, რომ ის ფარქვეშ კარგად თამაშობს და მეტოქეებს ბურთის ჩაგდებაში ხელს უშლის. ბოლო კვირებში ეს თავის თავზე გამოსცადა ზაიონ უილიამსონმა, რუდი გობერმა და დეანდრე ჯორდანმა, რითიც გოგამ თავისი უნარები და თვითრწმენა გამოაჩინა.

გოგა ბითაძე VS ზაიონ უილიამსონი

ეს მომენტები ასახავს განვითარების იმ გზას, რომელზეც გოგა ბითაძე არის NBA-ში. იანვრის შუა რიცხვებში ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ბითაძემ 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე გამოსვლის ყოველ ჯერზე თავისი ნიჭი გამოავლინა. გოგა თავის სტატისტიკურ მაჩვენებლებს ყოველთვის აუმჯობესებს და მისი გავლენა თამაშზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალგაზრდა კალათბურთელს განვითარების კიდევ დიდი პოტენციალი აქვს და განვითარებისთვის სწორ ნაბიჯებს დგამს.

„მან ძალიან კარგად იმუშავა. ის იცავს ფარს, იღებს ბურთს, უტევს და აკეთებს ყველაფერს, რომ გუნდს დაეხმაროს“, – აღნიშნა ბითაძის თანაგუნდელმა, ჯასტინ ჰოლიდეიმ.

ბითაძისთვის სადებიუტო სეზონი რთული აღმოჩნდა. მან ვიზის პრობლემების გამო საზაფხულო ლიგა გამოტოვა, სადაც NBA-ს ახალწვეულებს შესაძლებლობა აქვთ პირველად ითამაშონ ასეთ დონეზე. გოგამ შემდეგ კოჭის ტრავმის გამო წინასასეზონო მატჩების გარკვეული ნაწილი გამოტოვა. რეგულარული სეზონის განმავლობაში კი სხვადასხვა ტრავმები აწუხებდა. მიუხედავად პატარა გამონათებებისაბითაძის პირველი სეზონი არ იყო ისეთი, როგორსაც „პეისერსი“ მისგან ელოდა, გოგამ დრაფტის პოზიცია ვერ გაამართლა.

ამ სეზონში, ტრავმასთან გამკლავების შემდეგ, „პეისერსიბითაძისგან იმ ზრდასა და უნარებს იღებს, რასაც მისგან ელოდნენ. მისი დაცვა გაუმჯობესდა და ყოველთვის სწორ ადგილას არის, დაცვაშიც და შეტევაშიც. ის უბრალოდ უკეთესად გამოიყურება ვიდრე წინა სეზონში.

„წელს, მე უფრო კონცენტრირებული ვარ. პარკეტზე ყოფნის დროს, მე უბრალოდ ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად შევუშალო ხელი მოწინააღმდეგეებს ბურთის ჩაგდებაში და ვცდილობ ვიყო აქტიური დაცვის ზონაში“, – აღნიშნა გოგა ბითაძემ.

ინდიანამ“ ახალგაზრდა ცენტრს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუხანგრძლივა. „პეისერსის“ ამ გადაწყვეტილებით გუნდმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ ბითაძის მიმართ ნდობა კიდევ აქვთ და მათი მიზანი ახალგაზრდა ქართველი ცენტრის განვითარებაა.

„ინდიანას“ ყოფილ მწვრთნელს ნეიტ მაკმილანს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ახალგაზრდა კალათბურთელებს თამაშის საშუალებას არ აძლევდა. ასეთ მოთამაშეებს, რომელთა შორისაც ბითაძეც იყო, უფრო მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ ვიდრე ვეტერანებს და მთავარი მწვრთნელი შეცდომის გამოსწორების საშუალებასაც არ აძლევდა.

ნეიტ ბიორკგრენის მწვრთნელობისას, ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ გოგამ სამის გარდა ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და 12-დან 7 მატჩში 10-ზე მეტი წუთი იყო პარკეტზე. მიუხედავად იმისა, რომ ბითაძე მატჩის განმავლობაში ხშირად იცვლება, მას სულ მცირე სათამაშო დრო მაინც ეძლევა, რაც აჩქარებს მის განვითარებას. იმის ცოდნა, რომ მას თითქმის ყველა შეხვედრაში ექნება თამაშის შესაძლებლობა ეხმარება მას იყოს უფრო კონცენტრირებული და ყოველთვის იყოს მზად.

„რაც უფრო მეტ წუთს ვიღებ, ვფიქრობ უფრო ვიზრდები და უკეთ და უკეთ ვთამაშობ“, – ამბობს ბითაძე.

პეისერსის“ შეტევის სტილი საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ რაც ბიორკგრენმა მაკმილანი შეცვალა. თამაშის ტემპი გაიზარდა და უფრო რთული გახდა. ახალგაზრდა მოთამაშისათვის სირთულეების დაძლევა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ბითაძე ამ ყველაფერს უმკლავდება. მას სთხოვეს, რომ მეორე სეზონში შეტევაში უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, რასაც ის პარკეტზე ყოფნის დროს ასრულებს და მისი გუნდის შეტევებში დიდი როლი აქვს.

„გოგა შესანიშნავად მუშაობს, როდესაც გამოდის ის უბრალოდ თავის თამაშს თამაშობს. მე მინდა მას ვუთხრა, რომ თავის საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებს და არასოდეს ნებდება, როცა რაღაცა არ გამოსდის. იმ შემთხვევაში თუ აცილებს ბურთს ან ვერ აკეთებს მოხსნას, ის ბრძოლას აგრძელებს“, – აღნიშნა ჰოლიდეიმ.

ჰოლიდეის მსგავსად ბიორკგრენიც ფიქრობს, რომ ბითაძე შეტევაში ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ ის ხშირად ათამაშებს მას და აძლევს განვითარების შესაძლებლობას. „ის კარგად ავსებდა სივრცეებს“, – ასე შეაფასა ბიორკგრენმა ბითაძის შეტევაში თამაში „პელიკანსის“ წინააღმდეგ. გოგამ „ნიუ ორლეანსთან“ მეოთხე მეოთხედი თითქმის მთლიანად ითამაშა და ეს იყო მისი საუკეთესო თამაში ამ სეზონში.

„როცა ის პერიმეტრზე იყო ბლოკებს კარგად აყენებდა, ფარქვეშ ყოფნის დროს კი სივრცეებს ისე ტოვებდა, რომ ჩვენთვის შეტევა უფრო მარტივი ყოფილიყო და ის მოხსნებისთვისაც იქ იყო. მას უნარები აქვს“, – განაცხადა „ინდიანას“ მთავარმა მწვრთნელმა.

ბითაძე შეტევის განვითარებასთან ერთად უმჯობესდება, რაც მისი ზრდის მანიშნებელია. სადებიუტო სეზონში 21 წლის კალათბურთელმა აღნიშნა, რომ NBA-ის სისწრაფესთან გამკვლავება უჭირს, რაც მისი თამაშის ყურების დროს აშკარა იყო. ახლა კი ის ხედავს რა ხდება მის გარშემო და ეხმარება თავის გუნდს გამარჯვებაში. ბითაძე ბევრად უფრო ჰგავს NBA-ის მოთამაშეს.

„ჩემი მიზანი არის დავეხმარო გუნდს გამარჯვების მოპოვებაში და ამის გამო ყველაფერს ვაკეთებ“, – ამბობს გოგა ბითაძე. ქართველ კალათბურთელს ასევე ჰკითხეს რისი გაუმჯობესება სურს მას შეტევაში რაზეც მან უპასუხა: „მინდა უკეთესად დავაყენო ბლოკები და უკეთ ვიმოძრაო პარკეტზე.“

მას ჯერ კიდევ ბევრი უკლია მაქსიმუმამდე. მისი გაუმჯობესების მიუხედავად, ბითაძის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „პეისერსის“ შეტევა მაინც ცუდად გამოიყურება. გოგა სამქულიანის კარგ მსროლელად ითვლებოდა, როცა დრაფტზე აიყვანეს, მაგრამ ეს ჯერ NBA-ში არ გამოჩენილა.

დაცვაში მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ისეთი მენტორისგან როგორიც მაილს ტერნერია ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ გოგა კარგად თამაშობს დაცვაში ფარქვეშ, ის არ არის საკმარისად სწრაფი, რომ მეტოქეს პერიმეტრიდან ეთამაშოს.

მიუხედავად ბითაძის სისუსტეებისა მისი მოედანზე ყოფნის დროს, 122 წუთში„პეისერსმა“ მხოლოდ 6 ქულა წააგო. ბოლო 10 შეხვედრაში მისი თამაშის დროს „პეისერსი“ მეტოქეებს საშუალოდ 10 ქულით უსწრებდა. მას შეუძლია დაეხმაროს გუნდს გამარჯვების მოპოვებაში და პარალელურად განვითარდეს, რაც „პეისერსის“ ორგანიზაციისათვის იდეალური ვარიანტია.

„ის გადაადგილდება, აყენებს ბლოკებს, ცდილობს დაიცვას ფარი. ყველაფერი ეს კი მისი დადებითი მხარეა“, – ამბობს ბიორკგრენი ბითაძეზე.

ბიორკგრენმა აღნიშნა, რომ ბითაძის თამაშს „დალასის“ წინააღმდეგ კარგად უყურა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრმა თავისი უნარები განავითარა.

„ვფიქრობ, კარგად ვთამაშობ და სხვა რაღაცების გაკეთება ბევრად უკეთ შემიძლია“, – ასე აფასებს გოგა ბითაძე ამ სეზონს.

ეს არის მთავარი. მან იცის, რომ განვითარების პოტენციალი აქვს. ბითაძე არის ჭკვიანი მოთამაშე და სწრაფად ითვისებს ყველაფერს, თუ მას ექნება შესაძლებლობა ის უკეთესი გახდება. ამ სეზონში მისმა განვითარებამ „პეისერსის“ ფანებს იმედი მისცა, რომ ერთ დღეს ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.“