ბითაძის 10 ქულა და „ბაზერი“ მესამე მეოთხედში - გოგას „ინდიანა“ ერთი ქულით დამარცხდა [ვიდეო]

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად გოგას გუნდი „ნიუ ორლეანს პელიკანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 113:114 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთი და 11 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 10 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში, 2 დაცვაში) და 2 დაფარება დააგროვა, გოგამ 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

მატჩის გამორჩეული მომენტი მე-3 მეოთხედში დაფიქსირდა. მაშინ როცა „ინდიანა“ 72:86-ს აგებდა, ბითაძემ მეოთხედის ამოწურვამდე 0.5 წამით ადრე სამქულიანი ისროლა და ჩააგდო.

„ნიუ ორლეანსი“ ბოლო მეოთხედამდე 11-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ბოლოს „ინდიანამ“ მოუმატა და თამაშის მოგების შანსი შეინარჩუნა. გოგას გუნდს ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე. თამაშის ბოლოს მაილს ტერნერს შანსი ჰქონდა საბოლოო ანგარიში „პეისერსის“ სასარგებლოდ დაეფიქსირებინა, მაგრამ გამარჯვების ქულების მოპოვება ვერ მოახერხა.

მატჩში საუკეთესო ბრენდონ ინგრამი იყო, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, ლონზო ბოლს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მისი მონაგარი 20 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი იყო. ზაიონ უილიამსონს 18 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დაუგროვდა, სტივენ ადამსმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა და 12 მოხსნა. „ინდიანას“ მხრიდან გუნდს ჯასტინ ჰოლიდეიმ ულიდერა, მან 22 ქულა 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჯერემი ლემბსა და დაგ მაკდერმოტს კი შესაბამისად 17 და 14 ქულა დაუგროვდათ.

გოგა ბითაძის „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. „პეისერსი“ შემდეგ მატჩს 7 თებერვალს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.