ამას თამამად ვუწოდებ ფაშიზმს - უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა #1TVSPORT
კიევის „დინამოსა“ და „დნიპროს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ოლეგ პროტასოვმა Football NEWS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების შესახებ ისაუბრა. უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ და ქვეყნის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის აგრესია ფაშიზმად მონათლა.
„ეს არის ნამდვილი და ძალიან საშინელი ომი. მტერმა ჩვენს ქვეყანაში იმდენი ინფრასტრუქტურა დააზიანა და იმდენი ადამიანი მოკლა, ეს რაღაც საშინელებაა, ამას თამამად შემიძლია ვუწოდო ფაშიზმი, ეს არის ხალხის განადგურება. ამ მდგომარეობიდან ჩვენ გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ და მჯერა, რომ ქვეყანა ამ განსაცდელს გაუმკლავდება. მინდა იმედი ვიქონიო, რომ რუსებს რცხვენიათ იმის, რაც ხდება. მაგრამ რუსეთიდან ფაქტობრივად არავინ დამკავშირებია. შესაძლოა, მათ ასე მანიაკალურად სჯერათ იმის, რასაც მათი ხელმძღვანელობა აკეთებს და თვლიან, რომ ყველაფერი კარგადაა. რუსებთან განსაკუთრებული კონტაქტი არც მაქვს და წარმოდგენა აღარ მაქვს, როგორ უნდა ვიკონტაქტო მომავალში იმ ადამიანებთან, ვინც ამას მხარს უჭერდა.
მეეჭვება, რომ პუტინი ამ სამყაროში ცხოვრობდეს. მას არ ესმის, რომ უკრაინა სრულიად თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა. მას არ სურს ვინმესთან ძალით გაერთიანება, მაგრამ ირჩევს ვისთან იმეგობროს და ვისთან არა. უკრაინაში ომით შემოსვლა რუსეთის ხელმძღვანელობის დიდი შეცდომაა. ამას ძალიან ინანებენ და ეს უკვე ხდება. უკრაინა იქნება დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო, რომლისაც მათ შეშურდებათ. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ თავისუფლები ვართ და უკვე ვხედავთ, უახლოეს წლებში რუსეთის მოსახლეობას რა ელის.
რუსმა სპორტსმენებმა დაიმსახურეს ის, რაც ამ ყველაფრის შემდეგ მიიღეს. არ შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი და სპორტი პოლიტიკის მიღმაა. თუ ცნობილი სპორტსმენი ხარ, უნდა გამოხვიდე და თქვა – „არ ვეთანხმები ამას, ეს ომია და ჩვენ ამას სწორად არ ვაკეთებთ“. მაგრამ ყველა ამ აგრესიას ჩუმად მხარს უჭერს და თუ ჩუმად ხარ, მაშინ აგრესიას ეთანხმები. სწორედ ამის გამო იმსახურებენ სასჯელს, სპორტის გარეშე ყოფნას, ყველა პრობლემითა და სანქციებით. ყველამ უნდა იგრძნოს ის მარცხი, რომელიც მათ ელით“, – განაცხადა პროტასოვმა Football News-თან.
ოლეგ პროტასოვი ნომინირებული იყო უეფა-ს „ოქროს ბუცის“ ჯილდოზე და მიიღო „ვერცხლის ბუცი“ მე-2 ადგილისთვის 1985/86 წლების სეზონში (35 გოლი). მე-7 ადგილზე გავიდა „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებულ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში (1985).