იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის საფეხბურთო კლუბ LA10 FC-ის მფლობელი გახდა. ამ მომენტისთვის, ეს კლუბი ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მესამე საფეხბურთო დივიზიონში გამოდის.
დელ პიეროს თქმით, მას ყოველთვის უნდოდა ჰქონოდა პატარა საფეხბურთო კლუბი. შედეგად, იუვენტუსის ლეგენდამ კომპანია ეჯ ამერიკასთან (Edge Americas) თანამშრომლობით შეიძინა გუნდი.
„ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის ბრძოლის ჟინთან იყო დაკავშირებული. ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა. გასული წლის ზაფხულში, მე გავხდი ლოს-ანჯელესის პატარა კლუბის მფლობელი. ამ პროექტმა თავიდანვე მომხიბლა. დღეს ამის შესახებ პირველად ვლაპარაკობ საჯაროდ. გუნდს ჰქვია LA10 FC, ჩვენი ფერებია – თეთრი, შავი და რუხი.
პირველ სეზონში ჩვენი დივიზიონის გამარჯვებულები გავხდით, სეზონი დაუმარცხებლად გავიარეთ და გადავედით UPSL-ში, რომელიც რანგით მესამე ამერიკული ლიგაა. გაზაფხულზე ვუბრუნდებით მოედანს“, – განაცხადა დელ პიერომ.