ალექსანდრე იაშვილი - ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის სტილის გუნდები შეგნებულად შევარჩიეთ #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის სტილის გუნდები შეგნებულად შევარჩიეთ #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა მარტში დაგეგმილ საქართველოს ნაკრების შეხვედრებზე, რომლიც დღეს გახდა ცნობილი.

ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება, ხოლო 29 მარტს – ალბანეთს, მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გაირკვევა.

„მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ახლოს არიან“, – ამბობს ალექსანდრე იაშილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ის მიზეზები ახსნა, რის გამოც გასვლაზე თამაში გადაწყდა.

„ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის უკეთ მოვემზადოთ“, – აცხადებს იაშვილი.

მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფა-ს ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.