ალექსანდრე ჩივაძე - ჩემთვის დიდი პატივია და ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, რომ „დინამოს“ სტადიონზე ტრიბუნას ჩემი სახელი დაერქვა [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო არენას“ სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. თბილისელთა ლეგენდარულმა კაპიტანმა ემოციურად ისაუბრა დინამოელობის მნიშვნელობაზე და მისი კარიერის დასამახსოვრებელ მომენტებზე.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის დინამოელებს და მათ, ვინც ეს მოიფიქრა – ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ „დინამოს“ სტადიონზე ტრიბუნას ჩემი სახელი დაერქვა.
…რა თავხედი უნდა ვყოფილიყავი ბავშვობაში, რომ მეფიქრა, „დინამოში“ მოხვდებოდი. ეს იყო წარმოუდგენელი რამ – დღემდე მახსოვს: გუნდში რომ მიმიყვანეს და ძირითად შემადგენლობას ვეთამაშეთ. კარში დავით გოგია იდგა. დავინახე, რომ კარიდან წინ ხშირად გამოდიოდა. ქინქლაძემ უელსის ნაკრების მეკარეს თავზე რომ გადაუგდო, აი, ასეთი გოლი გავუტანე დათო გოგიას და თავი დავხარე. მარტო კახი ასათიანმა დამიძახა, მოდი, შენ შემოგევლეო და ჩამეხუტა. „დინამო“ ჩემთვის ასე დაიწყო.
მანუჩარ მაჩაიძე „დინამოდან“ რომ წავიდა, კაპიტანი უნდა აგვერჩია. ნაკრებიდან ჩამოვედი და მითხრეს, კაპიტნად შენ აგირჩიესო. უფროსები არიან შოთა ხინჩაგაშვილი, დათო ყიფიანი, ვოვა გუცაევი, ფირუზ კანთელაძე და მე კაპიტნად მირჩევენ?! ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენ უკვე ფაქტობრივად, მოთამაშე-მწვრთნელი ხარ.
13 მაისს თასი რომ ავიღეთ, ედუარდ შევარდნაძემ ჩარტერული რეისი გამოაგზავნა და მოსკოვში იქიდან გადავფრინდით. მოსკოვის მთელი ქართველობა, 20-25 ათასი ადამიანი გველოდებოდა. ასეთი გუნდის კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა.
თასების თასი რომ ავიღეთ და „ვესტ ჰემთან“ გავიტანე, იმ წელს გავხდი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი. საბჭოთა კავშირში მცველებს შორის გატანილი გოლებით რეკორდი მქონდა დამყარებული. მცველს წინ წასვლა უნდა შეგეძლოს. „ვესტ ჰემთან“ ბურთი რომ გამოვიტანე, წინ დიდი სივრცე მქონდა, წავედი და… ასეთი გოლები ბევრი მაქვს გატანილი“, – იხსენებს ალექსანდრე ჩივაძე.