კონორ მაკგრეგორი კიდევ ერთმა მებრძოლმა გამოიწვია. ამჯერად ირლანდიელთან დაპირისპირება ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექს ვოლკანოვსკიმ ისურვა.
ავსტრალიელს მაკგრეგორთან შეხვედრა საბრძოლო კუნძულზე სურს. დანა ვაიტის განცხადებით, კუნძულზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ყველაფერი მზად ივნისის ბოლოს იქნება.
„რომელი მებრძოლი არ დათანხმდება ამ ბრძოლას? უნდა იყო აბსოლუტური იდიოტი, რომ კონორთან ბრძოლაზე უარი თქვა. მისი სახელი ყოველთვის იქნება აღნიშნული ჩვენი დივიზიონის ისტორიაში და ის უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სპორტში. ჩემთვის ეს მხოლოდ დიდი ფულისთვის ბრძოლა არ არის. კონორის დამარცხება გაცილებით მეტს ნიშნავს. მე მზად ვარ, მას მსუბუქ წონით დივიზიონშიც (lightweight) დავუპირისპირდე. იდეალური იქნებოდა ჩემი და კონორის ბრძოლის გამართვა საბრძოლო კუნძულზე“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ ინსტაგრამ ლაივის დროს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროის განმავლობაში კონორთან ბრძოლა ისურვეს კამარუ უსმანმა და ვეტერანმა ანდერსონ სილვამ.