ალჟირში დააკავეს სეპარატისტული დაჯგუფების 16 წევრი, რომლებსაც ხელისუფლება ხანძრების განზრახ გაჩენაში სდებს ბრალს
ალჟირში დააკავეს სეპარატისტული დაჯგუფების 16 წევრი, რომლებსაც ხელისუფლება ხანძრების განზრახ გაჩენაში სდებს ბრალს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ალჟირის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულებს შორის ერთი ჟურნალისტია.
ალჟირის ეროვნული ჟანდარმერიის განცხადებით, დაკავებები ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
ალჟირში გასულ თვეში ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა.
ალჟირის ხელისუფლება ცეცხლის კერების განზრახ გაჩენაში ადანაშაულებს დაჯგუფებას, რომელიც კაბილიის რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეა. გასულ კვირას გამოძიების ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაციის 30 წევრი დააკავეს.
ალჟირი მაროკოს ადანაშაულებს დაჯგუფება „მოძრაობა კაბილიის თვითგამორკვევისთვის“ მხარდაჭერაში. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ალჟირმა გასული თვის ბოლოს მაროკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.