ალბანეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენი ბრძოლა ედი რამას წასვლამდე გაგრძელდება“, – განაცხადა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ლულზიმ ბაშამ.
ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლა ტირანაში კვლავ პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას კვამლის ყუმბარები ესროლეს, პასუხად კი სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ალბანეთის პრეზიდენტმა ილირ მეტამ ქვეყნაში პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად 30 ივნისს დანიშნული ადგილობრივი არჩევნები გააუქმა. მუნიციპალურ არჩევნებს ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებდა.
ეს ალბანეთში ოპოზიციის მიერ თებერვლის შემდეგ ორგანიზებული უკვე მერვე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციაა.
ოპოზიცია მთავრობას კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირსა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.