ალბანეთში დააკავეს პოლიციელები და მეხანძრე, რომლებმაც მიწისძვრით დაზარალებულების კუთვნილი საკვები მოიპარეს
16:19, 29.11.2019
ალბანეთში დააკავეს პოლიციელები და მეხანძრე, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებს იპარავდნენ. ალბანური მედიის ცნობით, დაპატიმრებულია ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე. გამოძიების ინფორმაციით, მათ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილი პროდუქტები მიითვისეს.
სამართალდამცავები და მეხანძრეები მას შემდეგ აიყვანეს, რაც მედიამ დანაშაულის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
ჟურნალისტების ცნობით, დაკავებულია ქალაქ რინასის პოლიციის განყოფილების ორი მაღალჩინოსანი და ერთი მეხანძრე ოფიცერი. მათ ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს. ასევე დაპატიმრებულია ორი მოქალაქეც. თუმცა, რაში არიან ისინი ეჭვმიტანილები ჯერ უცნობია.
ბოლო მონაცემებით, ალბანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამჟამადაც გრძელდება.