„ალ-ნუსრას ფრონტის“ მებრძოლებმა სირიაში რუსული სამხედრო ბაზის მიმართულებით 17 რაკეტა გაუშვეს
ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ნუსრას ფრონტის“ მებრძოლებმა სირიაში, რუსული სამხედრო ბაზა „ხმეიმის“ მიმართულებით 17 რაკეტა გაუშვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ნაწილმა კი ბაზამდე ვერ მიაღწია.
რუსულ ბაზაზე თავდასხმის პარალელურად, 22 მაისის დილას „ალ-ნუსრას ფრონტმა“ სირიის არმიის წინააღმდეგ ჰამასა და იდლიბის პროვინციებში მასშტაბური შეტევა დაიწყო. ოპერაციაში ტერორისტული დაჯგუფების 500 მებრძოლი, ტანკები, ჯავშანმანქანები და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ორი ავტომობილი მონაწილეობდა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ.
ოპერაციის ფარგლებში, 200 მებრძოლისგან ფორმირებულმა ჯგუფმა სირიის არმიის დანაყოფებს მეორე მიმართულებიდან შეუტია. ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, სირიის არმიის ჯარისკაცებმა „ალ-ნუსრას ფრონტის“ 150 მებრძოლი მოკლეს და რამდენიმე ტანკი ააფეთქეს.