ახალმა ზელანდიამ ჩინური Huawei-ს მეხუთე თაობის სმარტფონები უსაფრთხოების გამო, ბაზარზე არ დაუშვა
ახალმა ზელანდიამ ჩინური Huawei-ს მეხუთე თაობის სმარტფონები უსაფრთხოების გამო, ბაზარზე არ დაუშვა

ახალი ზელანდიის სადაზვერვო სამსახურმა ბაზარზე ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ს მეხუთე თაობის სმარტფონების დაშვებაზე უარი განაცხადა. მიზეზად სადაზვერვო სამსახური ეროვნული უსაფრთხოების მაღალ რისკს ასახელებს, თუმცა დეტალების განმარტებისგან თავს იკავებს.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი ზელანდიის პოზიცია დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ტენდენციას ეხმაურება, რადგან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობას Huawei-ის მეხუთე თაობის სისტემა მოსმენებზე წვდომის არეალს უფართოებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Huawei-ს მეხუთე თაობის სმარტფონების ბაზარზე დაშვება ახალ ზელანდიაში ტელეკომუნიკაციების მომსახურების მიმწოდებელმა კომაპნიამ, Spark New Zealand-მა პირველად ითხოვა და სადაზვერვო სამსახურისაგან უარი მიიღო. ეს კომპანიისთვის განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე პირველი უარი არ არის.
ბოლო დროს დასავლეთის განვითარებული ქვეყნები არ ფარავენ ეჭვს, რომ დიდი ალბათობით, ოფიციალური პეკინი მეხუთე თაობის მობილური ტელეფონებისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების ქსელს თვალთვალის მიზნით იყენებს.

Huawei ირწმუნება, რომ პეკინს მის მოწყობილობებზე არავითარი გავლენა არა აქვს, მაგრამ ამაოდ.

წლის დასაწყისში Huawei-ს 5G მობილურები უსაფრთხოების მიზნით, ავსტრალიამაც აკრძალა. გასულ კვირაში კი, ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობა ცდილობს, დაარწმუნოს მოკავშირე ქვეყნებში მოქმედი კომპანიები, რომ Huawei-ს თავი აარიდონ.

Huawei-ს ოფიციალური განცხადების მიხედვით, კომპანია აქტიურად იმუშავებს ნებისმიერი რისკის განეიტრალებაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ახალი ზელანდიის უარის შემდეგ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ ახალი ზელანდიისა და ჩინეთის ბიზნეს-კავშირები ორმხრივად სასარგებლო და მომგებიანია.

Huawei-ს ახალ ზელანდიაში მეოთხე თაობის სატელეფონო ქსელიც აქვს, თუმცა ზელანდიის სადაზვერვო სამსახურის უფროსის განმარტებით, მესამე და მეოთხე თაობის ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მეხუთე თაობის ყოველი კომპონენტი ქსელის თითოეულ წერტილზე წვდომას უზრუნველყოფს.