ახალი ზელანდიის მთავრობა მოსახლეობისგან იარაღის გამოსყიდვაზე 136 მილიონ დოლარს დახარჯავს
ახალი ზელანდიის მთავრობა მოსახლეობისგან იარაღის გამოსყიდვაზე 136 მილიონ დოლარს დახარჯავს

ახალი ზელანდიის მთავრობა მოსახლეობისგან იარაღის გამოსყიდვაზე 136 მილიონ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ახალი ზელანდიის პოლიციის მინისტრმა, სტიუარტ ნეშმა განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობა გამოისყიდის იარაღს, რომელიც 15 მარტს კრაისტჩარჩში მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ აიკრძალა.

ახალი ზელანდიის პოლიციის მინისტრის თქმით, მთავრობა გამოისყიდის ასობით სახეობის იარაღს, ასევე მჭიდებსა და სხვა საბრძოლო მასალებს. აღნიშნული მიზნისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 136 მილიონი აშშ დოლარი.

უწყების ხელმძღვანელის ცნობით, უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება იარაღის სახეობების ჩამონათვალი გამოსყიდვის ფასით. კომპენსაციის ოდენობას, იარაღის ტიპის გარდა, მისი მდგომარეობას განსაზღვრავს. თანხას მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც იარაღს კანონიერად ფლობს. მოსახლეობაში იარაღის შეგროვება ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ახალი ზელანდიის პარლამენტმა იარაღის ფლობის შესახებ კანონმდებლობა აპრილში გაამკაცრა. აღნიშნული კანონპროექტი ინიცირებული იყო მას შემდეგ, რაც ქალაქ კრაისტჩერჩში შეიარაღებულმა პირმა ორ მეჩეთზე თავდასხმისას 51 ადამიანი მოკლა.