ახალი კვლევის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, ექვსჯერ მეტია
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით ექვსჯერ მეტია. ამ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის ავტორები, რომელიც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ და ეროვნულმა სტატისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა.
მათი გათვლებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები 1,5 მილიონ იტალიელს უკვე აქვს. ეს იტალიის მოსახლეობის 2,5 პროცენტს წარმოადგენს.
კვლევაში, რომელიც 25 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, ტესტი გაუკეთეს 64 660 ადამიანს. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ პაციენტების 30 პროცენტს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ, დაავადების სიმპტომები არ აქვთ.
კვლევაში აღნიშნულია, რომ იტალიის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს იმუნიტეტი განსხვავებული აქვთ. მაგალითად, ლომბარდიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები მოსახლეობის 7,5 პროცენტს აქვთ, ხოლო ქალაქ ბერგამოში – 24 პროცენტს. მეზობლად მდებარე ვენეტოში იმუნიტეტი ადგილობრივი მცხოვრებლების 1,9 პროცენტს აქვს.