აკაკი ზოიძე - პლენარულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის საკითხზე უმრავლესობის შეჯერებული ვარიანტი გავა 
აკაკი ზოიძე - პლენარულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის საკითხზე უმრავლესობის შეჯერებული ვარიანტი გავა 

იურიდიულ კომიტეტზე და პლენარულ სხდომაზე ნარკოპოლიტიკის საკითხზე უმრავლესობის შეჯერებული ვარიანტი გავა, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დისკუსიები გაგრძელდება, ვიდრე უმრავლესობა არ შეჯერდება.

“კანონპროექტი შემდგომ პროცედურებზე, იურიდიულ კომიტეტზე და პლენარულ სესიაზე შეჯერებული ვარიანტი გავა, რომელიც უმრავლესობაში ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგად შეჯერდება. დისკუსიები გაგრძელდება და გაფართოვდება, რადგან ეს დისკუსიები ექვსი თვეა დაწყებულია. საპატრიარქოს განცხადებაც ამ დისკუსიების გამოძახილია. პროცესი გაგრძელდება, ვიდრე უმრავლესობა არ შევჯერდებით იმ პოზიციაზე, რომელითაც სესიაზე გავალთ. ყველას თავისი აზრი აქვს. მე ვამბობ, რომ უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია უმრავლესობის შეჯერებულ პოზიციას ნიშნავს და არა  – ცალკეული ადამიანების. მე ამ ქვეყანაში არ მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომელსაც 100%-ით მხარს ყველა ადამიანი უჭერდა. არსებობენ მომხრეები და მოწინააღმდეგეები. შევჯერდებით არგუმენტებს გავცვლით, საზოგადოებას რაც შეიძლება ფართო წრეებს მოვუსმენთ. იურიდიულ კომიტეტზეც შეჯერებული ვარიანტი გავა და ხმების დათვლა მერე არავის აღარ დასჭირდება”, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატი გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს განცხადების სულისკვეთებას, რომ კანონპროექტი შესაბამისად მომზადებული ჯერ არ არის.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც “კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ხუნდაძე. რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კერძოდ, ცვლილებებით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა იმიჯნება იგივე ქმედებისაგან, როდესაც დადასტურებულია გავრცელების, ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი.

აღნიშნული ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციები, ვიდრე უკანონო ფლობის დანაშაულზე.

ამასთან, პროექტით, კომერციული მიზნის გარეშე, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. ინიციატივით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. კერძოდ, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 400 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილია: დიდი ოდენობით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის და იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული კიდევ მომდევნო ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი საკანონმდებლო ორგანო ცვლილებებს დაამტკიცებს, კანონპროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალ რეგულაციას ამნისტია მოჰყვეს.