აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის საკითხზე შესაძლოა, შიდა რეიტინგული კენჭისყრა გაიმართოს 
აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკის საკითხზე შესაძლოა, შიდა რეიტინგული კენჭისყრა გაიმართოს 

ბიძინა ივანიშვილი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელშიც პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დღევანდელი მსჯელობისას პოზიციები გამოიკვეთა, თუმცა შესაჯერებლად საჭიროა დამატებითი კონსულტაციები.

ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკითხზე უმრავლესობის შიგნით შიდა სარეიტინგო კენჭისყრაც ჩატარდეს.

„ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი. შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ალბათ იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა. გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში მივიღებთ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, დღევანდელი მსჯელობისას პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა. 7 ივნისისთვის კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი მზად უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა, პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისთვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს.  დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. აქამდე რა მსჯელობაც იყო, იმავე საკითხებზე გაიმართა. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება, კერძოდ, დეტალებზე, დეკრიმინალიზაციის ვადებზე და ა.შ.“ ,– განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელეს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდა.