აკაკი ზოიძე - ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი
აკაკი ზოიძე - ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი

ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება , – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელშიც მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც იღებდა.

ზოიძის თქმით, 7 ივნისისთვის აღნიშნულ საკითხზე შეჯერებული კანონპროექტი უნდა იყოს მზად. შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებითი კონსულტაციებიც.

„ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა, პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევჯერდეთ.  ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისთვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს.  დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. აქამდე რა მსჯელობაც იყო, იმავე საკითხებზე გაიმართა. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება, კერძოდ, დეტალებზე, დეკრიმინალიზაციის ვადებზე და ა.შ.“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა, როგორც გუნდის ყველა წევრი.

დეპუტატმა საკითხზე უმრავლესობაში შიდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

„ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე, როგორც გუნდის ყველა წევრი. შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ალბათ იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა. გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში მივიღებთ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით,  საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრა მიმდინარე კვირაში ისევ გაიმართება.

„შეხვედრები გაგრძელდება. ამ კვირაში შეხვედრას ალბათ კიდევ შევძლებთ, თუ საჭირო გახდება. დისკუსიას წერტილი უნდა დავუსვათ და შეიძლება ამ წერტილისთვის საჭირო იყოს შეხვედრა, შევჯერდეთ ყველა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, ამ პროცესის ტორპედირება არ მოვახდინოთ იმით, რომ რაღაც პოზიცია გამოვყოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელეს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდა.