აღმოჩენილია დაკარგული პროტოპლანეტის ნამსხვრევი, რომელიც დედამიწაზე უფრო ძველია — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია დაკარგული პროტოპლანეტის ნამსხვრევი, რომელიც დედამიწაზე უფრო ძველია — #1tvმეცნიერება

ალჟირის ერთ-ერთ უდაბნოში აღმოჩენილი მეტეორიტის ნამსხვრევი შეიძლება „ჩვილი“ პლანეტას ეკუთვნოდეს, რომელიც ბოლომდე არც არასოდეს ჩამოყალიბებულა.

კლდოვანი ნამტვრევის შემადგენლობისა და ასაკის სიღრმისეული ანალიზის მიხედვით, მეტეორიტი სახელად Erg Chech 002 არა მხოლოდ დედამიწაზე ძველია, არამედ ვულკანურად არის წარმოქმნილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთ დროს ის შეიძლება პროტოპლანეტის სახელით ცნობილი ობიექტის ქერქის შემადგენელი ნაწილი იყო.

ამგვარად, ის უიშვიათეს შესაძლებლობას გვთავაზობს პლანეტის ფორმაციის ადრეული ეტაპების შესასწავლად, მზის სისტემის ადრეული დღეების გარემო პირობების გასარკვევად, როდესაც ჯერ კიდევ წარმოქმნის პროცესში იყო ამჟამინდელი პლანეტები.

EC 002 შარშან მაისში იპოვეს, სამხრეთ-დასავლეთ ალჟირის ქვიშიან უდაბნო ერგ-შეშში; რამდენიმე ნამსხვრევის წონა ჯამში 32 კილოგრამს უდრიდა. მეცნიერები უმალვე მიხვდნენ, რომ ის საკმაოდ უჩვეულო იყო; არ ჰქონდა მეტეორიტთა უმეტესობის მსგავსი, ქონდრიტული შემადგენლობა, რაც მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ერთმანეთს მტვრისა და ქანების ნაწილაკები ეწებება; ამის ნაცვლად, მისი ტექსტურა უფრო ვულკანური იყო, შეიცავდა პიროქსენის კრისტალებსაც.

გამომდინარე აქედან, მას აქონდრიტის კლასიფიკაცია მიანიჭეს, ანუ მეტეორიტის, რომელიც ვულკანური მასალისგან შედგება და წარმოქმნილია სხეულზე, რომელზეც ქერქისა და ბირთვის ერთმანეთისგან გამიჯვნის პროცესში მიმდინარეობს წიაღის დნობა; ეს კი გახლავთ პროტოპლანეტა — პლანეტის ფორმაციის შუა ეტაპი.

ამ დროისათვის აღმოჩენილ ათობით ათას მეტეორიტს შორის, მხოლოდ 3179-ია აქონდრიტი.

აქონდრიტთა უმეტესობა ერთი ან ორი მშობელი სხეულიდან მოდის და ბაზალტური შემადგენლობისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ბევრი არაფრის თქმა შეუძლიათ ადრეულ მზის სისტემაში პროტოპლანეტების მრავალფეროვნების შესახებ.

მეორე მხრივ, EC 002 ბაზალტური არ არის და მიეკუთვნება ანდეზიტის ტიპის ვულკანურ ქანს. ამის დადგენა საფრანგეთის დასავლეთ ბრეტანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეძლო გეოქიმიკოს ჟან-ალიქს ბარატის ხელმძღვანელობით.

ამ დრომდე აღმოჩენილ ყველა მეტეორიტს შორის, მათ შორის აქონდრიტებშიც კი, EC 002 უკიდურესად გამორჩეულია და სრულიად ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს პლანეტის ფორმაციის შესასწავლად.

ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, ქვა უძველესია. ალუმინისა და მაგნიუმის იზოტოპების რადიოაქტიური დაშლა მიუთითებს, რომ ეს ორი მინერალი 4,565 მილიარდი წლის წინ არის კრისტალიზებული, მშობელ სხეულში, რომელიც აკრეციას 4,565 მილიარდი წლის წინ განიცდიდა. შედარებისათვის გეტყვით, რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა.

„ეს მეტეორიტი უძველესი მაგმური ქვაა ამ დრომდე შესწავლილთა შორის და სინათლეს ჰფენს იმ პირველყოფილი ქერქის წარმოქმნის ამბავს, რომელიც უძველეს პროტოპლანეტებს ფარავდა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ბაზალტისგან განსხვავებით, რომელიც მაგნიუმითა და რკინით მდიდარი ლავის სწრაფი გაციების შედეგად წარმოიქმნება, ანდეზიტი ძირითადად ნატრიუმით მდიდარი სილიკატებისგან შედგება და აქ, დედამიწაზე, წარმოიქმნება სუბდუქციის ზონებში, სადაც ერთი ტექტონიკური ფილის კიდე მეორის ქვეშ ცურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ის მეტეორიტებში იშვიათად გვხვდება, ბოლო პერიოდში ანტარქტიდაზე და მავრიტანიაში ნაპოვნ მეტეორიტებში ანდეზიტის აღმოჩენამ მეცნიერებს უბიძგა შეესწავლათ, როგორ შეიძლება იგი წარმოქმნილიყო. როგორც ექსპერიმენტული მტკიცებულება მიუთითებს, ის შეიძლება წარმოიქმნას ქონდრიტული მასალის გადნობის შედეგად.

ვინაიდან ქონდრიტული სხეულები მზის სისტემაში საკმაოდ გავრცელებულია, არ არის გამორიცხული, რომ ასევე საკმაოდ იყო გავრცელებული ანდეზიტური ქერქის მქონე პროტოპლანეტების წარმოქმნაც. თუმცა, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა EC 002-ის სპექტრული მახასიათებლები, ანუ სინათლესთან მისი ურთიერთქმედების ხასიათი ასტეროიდების სპექტრულ მახასიათებლებს შეადარა, მთელი მზის სისტემის მასშტაბით ვერ მიაგნეს ასტეროიდს, რომელსაც ეს მეტეორიტი დაემთხვეოდა.

ანდეზიტური ქერქის ნაშთები არა მხოლოდ მეტეორიტებშია იშვიათი, არამედ ასტეროიდთა სარტყელშიც. შედეგად, ჩნდება კითხვა: თუ ფორმაციის პროცესი ასე მარტივი და გავრცელებული იყო, სად წავიდა ყველა ეს განსხვავებული პროტოპლანეტა?

სავარაუდოდ, მათი უმეტესობა ან დაიფხვნა, ან უფრო დიდ კლდოვან სხეულებს მიუერთდა, ან ორივე ამ პროცესის კომბინაციას ჰქონდა ადგილი.

ვინაიდან EC 002 დედამიწაზე ოდნავ ძველია, შესაძლებელია ისიც, რომ მისმა ამ პროტოპლანეტურმა „დედმამიშვილმა“ ჩვენს პლანეტას ახალგაზრდა მზის გარშემო მოძრავი მტვრის ღრუბლიდან ათვისებული უფრო მკვრივი ნივთიერებები გადმოსცა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ იბადებიან პლანეტები, მილიონობით წლის განმავლობაში იზრდებიან კლდოვანი გროვებისა და მტვრის მიერთებით, ამ პროცესის კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ დიდწილად უცნობია.

მეტეორიტი EC 002 გასაოცარ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა უფრო დავხვეწოთ ცოდნა მტრისგან ჩვენი მშობლიური სისტემის წარმოშობის შესახებ.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.