ადვოკატის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლდა
ადვოკატის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლდა

15 წლის ლუკა სირაძის საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პოლიციელი, რევაზ მამასახლისი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს, – ამის შესახებ რევაზ მამასახლისის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტარისგან თავს იკავებს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ საქმეზე მამასახლისი მოწმის სახით დაიკითხა და გამოძიებას ყველა შეკითხვაზე გასცა პასუხი.

„რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვენ ყველაფერზე გავეცით პასუხი. ის დაიკითხა მოწმის სახით და რა შეკითხვაც ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე უპასუხა. ის პოლიციაში აღარ მუშაობს, თუ რატომ – ეს დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი 2019 წლის 18 დეკემბერს დაკითხეს.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. კერძოდ, სკოლის კედლების და ინვენტარის მოხატვის საქმეზე, გამომძიებელი ლუკა სირაძისგან ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ორთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება.

„მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.