ადვოკატი - საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბაჩიაშვილმა გუშინ დატოვა პენიტენციური დაწესებულება, მას სასჯელის სახედ შეეფარდა ერთი წლით პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გუშინ დატოვა პენიტენციური დაწესებულება.
მისივე თქმით, ბაჩიაშვილს სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ასევე, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
„გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, მან გუშინ დატოვა პენიტენციური დაწესებულება. მის მიმართ არსებულ სამივე სისხლის სამართლის საქმეზე ცალ-ცალკე იქნა გაფორმებული საპროცესო შეთანხმებები. პარალელურად, სამოქალაქო საქმე, რომელიც არსებობდა მასა და დაზარალებულს შორის, დასრულდა მორიგების აქტის საფუძველზე. რაც შეეხება ბაჩიაშვილის მშობლების საქმეს, ორივე მათგანის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და აღარ იმყოფებიან ძებნაში. საბოლოო ჯამში, ბაჩიაშვილს სასჯელის სახედ შეეფარდა ერთი წლით პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელის სახედ ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 2025 წლის 10 მარტს თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება მიმდინარე წლის 18 თებერვალს გაუფორმდა.