გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სუს-ის ცნობით, ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.
შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თავის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი. გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.