გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.
„„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 2025 წლის 10 მარტს თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავა.