ადვოკატი - მოსამართლეს სხვა გზა არ ჰქონდა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე ისე გადაეცა სასამართლოს, რომ გამოძიება სრულყოფილად არ იყო წარმართული
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საქმე არ იყო გამოძიებული.
როგორც ნესტან ლონდარიძე აცხადებს, განაჩენი პროკურატურის უსუსურობაზე მეტყველებს.
„ეს განაჩენი კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის უსუსურობას, იმას, რომ საქმე არ იყო გამოძიებული.
ამ განაჩენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა და ამ განაჩენით ეს ვერ იქნა დასაბუთებული.
მოსამართლეს სხვა გზა არ ჰქონდა, სრულ სიმართლეს ხედავდა საქმეში. ახლა, უბრალოდ მაინტერესებს, პროკურატურა რა პასუხს გაგვცემს ამ განაჩენთან დაკავშირებით.
საქმის ვითარება, ექსპერტიზის დასკვნები, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ დავით სარალიძესთან მიმართებაში გამოყენებული იყო არაერთი იარაღი, ხოლო დღეს გვყავს ერთ-ერთი ბრალდებული ამ საქმესთან მიმართებაში, რომელიც იქნა დამნაშავედ ცნობილი.
ეს ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე გადაეცა სასამართლოს, რომ გამოძიება სრულყოფილად არ იყო წარმართული.
კიდევ ერთხელ მივმართავ მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საქმესთან მიმართებაში. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, მოვითხოვთ სრული სიმართლის დადგენას“,- აცხადებს ადვოკატი.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. როგორც პირველ არხს მხარეებმა განუმარტეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
მთავარ პროკურატურასთან თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას
მართავს. სარალიძე და მისი ახლობლები პროკურატურასთან საქალაქო სასამართლოდან გაემგზავრნენ, სადაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომელსაც დაზარალებული მხარეები არ ეთანხმებიან.
ზაზა სარალიძემ აქციაზე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.