ადვოკატი - მარიამ ჭანტურიაზე თვალთვალი და მიყურადება უკანონოდ მიმდინარეობდა
ადვოკატი - მარიამ ჭანტურიაზე თვალთვალი და მიყურადება უკანონოდ მიმდინარეობდა

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მარიამ ჭანტურიაზე თვალთვალი და მიყურადება უკანონოდ მიმდინარეობდა.

„სასამართლო განჩინება არის 6 აპრილამდე და დღეს არის 20 აპრილი. ამას მივცემთ სამართლებრივ შეფასებას და ამ აქტს გავასაჩივრებთ. აქ პოლიციაა მობილიზებული, რომ მანქანა არ გადაადგილდეს. აქ არის ისევ მოსასმენი აპარატი. არ იღებენ იმ არგუმენტით, რომ ტელევიზიები არიან აქ“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილებაში მარიამ ჭანტურიას ავტომობილიდან სამართალდამცავები მოსასმენ აპარატურას ამ წუთებში იღებენ.

მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავებმა ყვითელი ამკრძალავი ლენტით შემოღობეს, გაკეთდა სპეციალური კორიდორიც.

ადგილზე გიორგი ჭანტურია, მისი და და ადვოკატი იმყოფებიან.

შსს-ს განმარტებით, მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

გიორგი ჭანტურია და მისი და, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ.

სოსო ქუთათელაძის საქმეზე გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.