ადვოკატი - ირაკლი წაქაძემ იგულისხმა, რომ იძულებული იყო, ჩხუბში ჩართულიყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოქმედებდა, ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას
ადვოკატი - ირაკლი წაქაძემ იგულისხმა, რომ იძულებული იყო, ჩხუბში ჩართულიყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოქმედებდა, ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის, ირაკლი წაქაძის ადვოკატის, პაატა გაბელიას თქმით, წაქაძის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნათქვამი სიტყვები, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება, პირდაპირი გაგებით დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს.

კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, ირაკლი წაქაძემ იგულისხმა, რომ იძულებული გახდა, პირველ ეპიზოდში ჩხუბში მონაწილეობა მიეღო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას მოქმედებდა.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა, რომ ის იძულებული იყო, ჩართულიყო პირველ ეპიზოდში ჩხუბში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოქმედებდა. ასე რომ ჩავთვალოთ ეს პოზიცია, რომ მან აღიარა დანაშაული, ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას პირდაპირი გაგებით. ეს იყო პირველივე ჩვენებით. ჩვენდა გასაკვირად, ბრალდების მხარე ამას არ თვლის არც თანამშრომლობად, არც რაიმე სახის აღიარებად, იმ დროს, როცა პირველივე დაკითხვის დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ იგი ჩაერთო ჩხუბში. უფრო სწორად, იძულებული გახდა, ჩართულიყო ჩხუბში. კიბის ეპიზოდი არის უბრალოდ შეფასებული, თითქოს ის რაღაცას ურტყამს, როცა რეალურად ის არავის ურტყამს“, – განაცხადა წაქაძის ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატი შეუსაბამოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.

„ის აბსოლუტურად შეუსაბამოა დანაშაულის ხასიათის, თვითონ პიროვნების მიმართ. დანაშაულის ჩადენის გამო, შეიძლება დიდი პასუხისმგებლობა დაუდგეს, მაგრამ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, პირველ რიგში იგულისხმება გარემოება, მისი პიროვნება, მისი მოთხოვნები, რაც არის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული, თუ რას ემსახურება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ასეთი უკიდურესი ფორმა, რასაც ჰქვია პატიმრობა, იმ დროს, როცა თვითონ მის მიმართ სანქციის ნაწილში ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოებსა და მხოლოდ ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იმ გაჟღერებულ ვიდეოკადრებს თუ დააკვირდებით, წაქაძე არანაირ აქტიურობას არ გამოხატავს არც ვინმეს ძალადობის კუთხით“, –  განაცხადა პაატა გაბელიამ.

შეგახსენებთ, დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შედეგად 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული. აქედან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

დატოვე კომენტარი