ადვოკატი - გიორგი მარგველაშვილისგან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე წინასწარი მზაობა იყო, მაგრამ დაიბლოკა
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქციებს სისტემატურად გავმართავთ,- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მხრიდან დეკანოზის შეწყალებაზე წინასწარი მზაობა იყო, თუმცა საპატრიარქოში არსებულმა გარკვეულმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება დაბლოკა.
„დეკანოზის დაკავებიდან ორი წელი გავიდა და ვიდრე ინსულტმა არ დაარტყა, მისი ზიარება არ მოხდა. სირცხვილია, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. დეკანოზის დაკავებაში მონაწილეობას საპატრიარქოს გავლენიანი პირები იღებდნენ. სწორედაც საპატრიარქომ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომ დეკანოზის საკითხი სინოდის სხდომაზე განიხილონ. მათ ასევე უნდა მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მისგან იყო მზაობა, რომ შეეწყალებინა გიორგი მამალაძე. თუმცა, სამწუხაროდ, საპატრიარქოს გავლენიანი ჯგუფების მიერ მოხდა ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა. იმედი მაქვს, არსებობენ ჯანსაღი ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ იმათ, ვინც საპატრიარქოს სახელის უკანონობას სჩადის”,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ და აღნიშნა, რომ პროტესტი მასობრივ ხასიათს მიიღებს.