ადვოკატი - გიგი უგულავას საქმე არის დადასტურება, როგორ შეიძლება, დაგესხან თავს პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო კიდევ შენ მიგცენ პასუხისგებაში
ადვოკატი - გიგი უგულავას საქმე არის დადასტურება, როგორ შეიძლება, დაგესხან თავს პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო კიდევ შენ მიგცენ პასუხისგებაში

არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიგი უგულავას ბრალეულობას დაამტკიცებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა, სულხან კობახიძემ განაცხადა.

გიგი უგულავას არ უთქვამს უარი სასამართლოზე გამოცხადებაზე. მას აქვს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა და ამიტომ ვერ მოახერხა მოსვლა. რაც შეეხება გირაოს გამოყენებას და პასპორტის ჩამორთმევას, ეს იყოს უკანონო და უსამართლო. ამაზე ბევრი ლაპარაკის გაგრძელება არ ღირს, რაც ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ეს საქმე არის დადასტურება იმისა, თუ როგორ შეიძლება, დაგესხან თავს შენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო კიდევ შენ მიგცენ პასუხისგებაში. საქმის მასალებს სრულყოფილად ვერ გავეცანი. რასაც გავეცანი, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა. მას ასევე შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.

გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი იცავს, რადგან დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა. ამის გამო სხდომა დაგვიანებით დაიწყო.