ადვოკატი – დაზარალებულად ცნობილი პირის გარდა სხვა პიროვნება წარდგენილ ბრალდებაში თემურ აბაზოვს არ ამხელს, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიშვილის განცხადებით, პროკურატურას დღეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა.
მოსიაშვილის თქმით, სასამართლომ განმარტებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია ბრალდებულის მიმალვის საფრთხესთან დაკვშირებით არ გაიზიარა და გაიზიარა მხოლოდ მოწმეთა მიმართ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით.
„ამის გაზიარების სამართლებრივი არგუმენტაცია, მტკიცებულება, დოკუმენტაცია ბრალდების მხარეს არ ჰქონია. დაზარალებულად ცნობილი პირის გარდა სხვა პიროვნება წარდგენილ ბრალდებაში არ ამხელს, იმიტომ რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ადვოკატმა.
დაცვის მხარე სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამასთან, საქმის პროკურორის ლევან ჯალაღანიას თქმით, არსებობდა საქმეზე მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე.
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.