პროკურორი – თემურ აბაზოვის საქმეზე არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ლევან ჯალაღანიას თქმით, არსებობდა საქმეზე მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე.
„აღნიშნულ საქმეზე პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებაზე დაყრდნობით.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე”,- განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე რუსთავის სასამართლოს პროკურატურა ხვალ მიმართავს.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ეს იქნება არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.