ადვოკატი აცხადებს, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი არ უნახავს და არ ამოუცნია
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დოდო გუგეშაშვილის მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი არ უნახავს და არ ამოუცნია. ადვოკატის თქმით, როდესაც ნახავს, გაირკვევა, საერთოდ შეუძლია თუ არა ამოცნობა.
„ქალბატონ დოდოს არ უნახავს ეს პიროვნება და ჯერჯერობით ჩვენთვის საქმის მასალებიც არ გაუცვნიათ. გვითხრეს, რომ ბრალის წაყენების და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, ანუ დაახლოებით ორშაბათს გაგვაცნობენ მასალებს. ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია ვთქვათ, დოდო გუგეშაშვილი სახეზე იცნობს თუ არა, რადგან ისედაც ბუნდოვნად ახსოვდა. ახლა რომ ნახავს, გავიგებთ, საერთოდ შეუძლია თუ არა ამოცნობა. ამ ადამიანის სახელი და გვარი დოდო გუგეშაშვილს არაფერს ეუბნება. მე უფრო მეუბნება ეს გვარ-სახელი რამეს, რადგან მუხროვანის ამბოხის საქმეში კობა კობალაძეს ვიცავდი, 41 პირი იყო და ერთ-ერთი ეს გახლდათ. დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ ამბობს, რომ პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, გაეცნო სახელით ზურა და არა ზაზა. თუ ეს პირია, შესაძლოა სახელიც მოეტყუებინა, არ არის გამორიცხული“, – აცხადებს ადვოკატი.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, პირი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, დოდო გუგეშაშვილს რამდენჯერმე შეხვდა.
„მთელი წლის განმავლობაში 2-ჯერ, 3-ჯერ შეხვდა და ეს შეხვედრები იმდენად მოკლევადიანი და სპონტანური იყო და იმდენად ცდილობდა ეს პირი სახის დაფარვას, აღდგენაც კი გაუჭირდა ფოტორობოტის შედგენისას.
რაღაცებს სთავაზობდა, თითქოს საერთო ნაცნობებს უსახელებდა და არც აქცევდა ყურადღებას. წელიწადში ორ-სამჯერ რომ ადამიანს შეხვდები და ისიც რამდენიმე წამით, ვერ დაიმახსოვრებ მის სახეს. როცა ქალბატონი დოდო ნახავს სახეზე, ალბათ შემდეგ გაირკვევა, გაიხსენებს თუ არა საერთოდ, მიამსგავსებს თუ საერთოდ უარყოფს“, – აცხადებს ადვოკატი.
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.