ცნობილმა გერმანულმა კომპანია „პუმამ“ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესისი გამო გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთში ყველა მაღაზიის დახურვის შესახებ განაცხადა.
ორგანიზაციის მიერ გატარებულ ზომებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი და საგულისხმო პუნქტია: პირველი კი ისაა, რომ „პუმამ“ რუსეთის კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა გადაწყვიტა, აგრესორ ქვეყანას პროდუქციის მიწოდებას შეუჩერებს და ყველა მაღაზიას დახურავს.
ამავე დროს, „პუმა“ უკრაინის დასახმარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს – კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის დასავლეთ უკრაინაში უფასო საცხოვრებელის ორგანიზებას დაიწყებს. ამას გარდა, გერმანული ბრენდის თანამშრომლები პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთსა და რუმინეთში უკრაინელ პერსონალს საზღვრის გადალახვაში დაეხმარებიან და მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფენ, ხოლო უკრაინელ თანამშრომლებს ხელფასს წინასწარ გადაუხდიან, „პუმასთან“ დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები უკრაინას ფულით დაეხმარებიან, ხოლო მოსახლეობას – პროდუქციითა და შემოწირულობებით.
„პუმა“ პირველი კომპანი არ არის, რომელმაც რუსეთი დატოვა – უკრაინაში შეჭრის და ომის წამოწყების შემდეგ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან კონტრაქტი გერმანულმა ბრენდმა „ადიდასმა“ გაწყვიტა.