„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - ვეჭვობთ, ქალ პატიმრებს, რომლებიც შიმშილობენ, არ აქვთ წაკითხული „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - ვეჭვობთ, ქალ პატიმრებს, რომლებიც შიმშილობენ, არ აქვთ წაკითხული „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მზად არის, ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რაც ასახულია ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივ ანგარიშში, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებასია ნათქვამი.

ცენტრი მათი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაწყებულ ქალ პატიმართა შიმშილობას ეხმაურება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ თითქოსდა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ქალთა #5 სპეციალურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლების გზით ე.წ. სრული შემოწმების თაობაზე. ამ განცხადებების ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ქალთა #5 სპეციალურ დაწესებულებაში ქალი პატიმრების შიმშილობა მოთხოვნით, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო“, – აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

მათივე თქმით, ანგარიში წლების განმავლობაში მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება.

„28 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ანგარიში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. ანგარიში წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა 2017 წ. 15 დეკემბრიდან 2018 წ. 15 ივნისამდე პერიოდში. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების შეჯამება და ანალიზი განხორციელდა ყველა იმ ინფორმაციის შეჯერებით, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სახალხო დამცველის აპარატმა მოიპოვა წლების განმავლობაში აპრობირებული, სანდო მეთოდოლოგიით.

ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის: დაგვიანებული სამედიცინო მომსახურება და შედეგად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების საჭიროება, უცხოენოვანი ქალი პატიმრებისათვის სოციალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობა, დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული ქალი პატიმრების პრობლემები, ბრალდებული ქალი პატიმრების პრობლემები და ა.შ. ქალი მსჯავრდებულების გაშიშვლების გზით სრული შემოწმება კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, რომლის იდენტიფიცირებაც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა. ხანგრძლივი დებატების შემდგომ, ხელისუფლებამ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაცია და #5 დაწესებულებაში დაამონტაჟა სკანირების აპარატი. ამის მიუხედავად, დღესდღეობით გვაქვს ვითარება, როდესაც დაწესებულებაში შეყვანისას მსჯავრდებულები მაინც მოწმდებიან სრული გაშიშვლებით და ე. წ. ბუქნების გაკეთების გზით და ამის შემდეგ მათ დამატებით სკანერშიც ატარებენ. ამ მანკიერი პრაქტიკის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ფაქტობრივად ყველა გამოკითხული მსჯავრდებული ესაუბრა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, ქალ პატიმრებს, რომლებიც #5 სპეციალურ დაწესებულებაში შიმშილობენ, არ აქვთ წაკითხული მათი ანგარიში.

„მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ დაწესებულებაში მიღებისას ქალ პატიმრებს არ სთავაზობენ არჩევანს შემოწმების ორ მეთოდს შორის, რაც ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოწმება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მიუთითებენ სამედიცინო შემოწმებაზე. ასეთ შემთხვევაში, სრული შემოწმება, რაზეც ანგარიშშია საუბარი, უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შემოწმებისაგან, რომელიც ექიმის მიერ ხორციელდება და რომელსაც, არსებული კანონმდებლობით, არ უნდა ესწრებოდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეჭვობს, რომ ქალ პატიმრებს, რომლებიც ამჟამად #5 სპეციალურ დაწესებულებაში შიმშილობენ, არ აქვთ წაკითხული ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი ანგარიში. მათ ინფორმაცია ცალმხრივად და დამახინჯებულად აქვთ მიწოდებული, რაც იწვევს პატიმართა მღელვარებას. შესაბამისად, გამოცხადებული შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი პასუხისმგებლობას აკისრებს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციიის სამინისტროს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მზად არის, ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რაც ასახულია ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივ ანგარიშში. ამავე დროს, ორგანიზაცია მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს, გამოიჩინოს ღიაობა კრიტიკის მიმართ, იზრუნოს პატიმართა უფლებების დაცვაზე და ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემების გამოსწორებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის  ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.  ერთ-ერთი პატიმრის განცხადებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მათ შეურაცხყოფას აყენებს და პატიმრები ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში 28 ივნისს გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება არ იზიარებს ანგარიშში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ მითითებულ დასკვნებს და აცხადებს, რომ პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.