მოშიმშილე პატიმარი - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაცია შეურაცხმყოფელია, გარეთ ოჯახები გველოდებიან
მოშიმშილე პატიმარი - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაცია შეურაცხმყოფელია, გარეთ ოჯახები გველოდებიან

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია თითოეულ ჩვენგანს შეურაცხყოფას აყენებს და ამიტომაც, ბოდიშის მოხდას ვითხოვთ,  – ამის შესახებ პირველ არხს მოშიმშილე პატიმარმა განუცხადა.

პატიმარი სახელად – თამარი პირველ არხს დაწესებულებიდან ტელეფონით დაუკავშირდა და შიმშილობის მიზეზებზე ისაუბრა.

„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ომბუდსმენის აპარატის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაცია, რომ თითქოს ღირსების შემლახავად გვეპყრობიან. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია. გარეთ გვყავს მეუღლეები, შვილები, დედები, დედ-მამიშვილები, ოჯახი გველოდება, საზოგადოება გვიცნობს, ამიტომაც ეს არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი განცხადება. არ შეესაბამება სიმართლეს და თითოეულ ჩვენგანს აყენებს შეურაცხყოფას. დაახლოებით ორი წელია დაწესებულებაში ფუნქციონირებს სკანერი, რომლის საშუალებითაც ხდება ჩვენი შემოწმება, თუმცა არსებობს შემოწმების ალტერნატიული გზაც,  რომელიც შესაბამისი დოკუმენტით ფიქსირდება და ჩვენი ხელმოწერაც ედება“, – განაცხადა პატიმარმა.

მისი ინფორმაციით, მეორე დღეა ქალთა დაწესებულებაში 120-მდე მსჯავრდებული შიმშილობს.

„მათ შორის ავადმყოფები, ხანდაზმულები და დიდი ხნის პატიმრებიც  ვშიმშილობთ, ერთადერთი მოთხოვნით, როგორც გაავრცელა ეს დეზინფორმაცია ამ ორგანიზაციამ, ახლა გამოვიდეს და მოგვიხადოს საჯარო ბოდიში მასობრივი საშუალებებით, რომ გარკვეული რეაბილიტაცია მოახდინოს ჩვენი ავტორიტეტის, რადგან ძალიან აღელვებული ვართ. დიდი ხანია, ეს მექანიზმი არ გამოყენებულა, ტყუილი და ცილისწამებაა“,  – განუცხადა პირველ არხს პატიმარმა ტელეფონით დაკავშირებისას.

მისი ინფორმაციით, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, ნორმალურია.

„არ ვიცი, რა ნახა, ან ვის ესაუბრნენ ეს ორგანიზაციები, თუ თითო-ოროლა ადამიანის ნათქვამს იჯერებენ, მაშინ დაგვიჯერეთ ჩვენც.  ამდენი ხალხი ვზივართ და ვშიმშილობთ. არ შეიძლება ასე გადაუმოწმებლად, ღირსების შემლახავი არის ზუსტად ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ.

რაც შიმშილობა დავიწყეთ, ჯერ ჩვენთან არც ომბუდსმენის და არც ცენტრის ოფისიდან არავინ მოსულა და შეგვხვედრია. ჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის გაუარესებია, შიმშილობის მეორე დღეა მხოლოდ, თუმცა ჩვენთან ერთად შიმშილობენ დიაბეტიანი ადამიანები და სხვა დაავადების მქონე ქალებიც“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ შიმშილობის აქცია გრძელდება და ყველას მოუწოდა, პატიმრებთან მიმართებაში დეზინფორმაციას ნუ გაავრცელებენ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ დროის მონაცემებით, 109 პატიმარი შიმშილობს.  უწყების ცნობით, ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის  ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.