ადა მარშანია - ქვეყნისთვის პრობლემურ საკითხებზე პრეზიდენტის ყოვლისმომცველი და პრაგმატული ხედვა ვერ მოვისმინეთ
სამწუხაროდ, ჩვენმა ფრაქციამ ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე პრეზიდენტის ყოვლისმომცველი, ფუნდამენტური, სტრატეგიული, პრაქტიკული და პრაგმატული ხედვა ვერ მოისმინა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ჩვენთვის აქტუალური, უპირველესი და უზენაესი ძირითადად, ორი საკითხია. უპირველესი, ეს არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ყოველთვის უფრო ბევრს, ფართო ხედვას, სტრატეგიასა და ტაქტიკას ველოდებით, რაც პრეზიდენტის ანგარიშში ვერ დავინახეთ“, – განაცხადა მარშანიამ.
მისი თქმით, მეორე საკითხია უმუშევრობა, რაც ასევე ძალიან აქტუალურია და ყველა ოჯახს აწუხებს.
„პრეზიდენტმა ეს აღნიშნა და სწორად გააკეთა აქცენტი. კარგია, რომ მან ეს თემა წამოსწია, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ დეკლარაციული განცხადებების დონეზე, რომ კატასტროფული უმუშევრობაა?! ჩვენ გვინდა კონკრეტული, გაწერილი პროგრამის ხილვა, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ უმძიმესი პრობლემის გადაწყვეტას“, – განაცხადა მარშანიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, პრეზიდენტის რა მთავარმა გზავნილებმა დაიმსახურა მისი მოწონება, ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სწორი აქცენტი გააკეთა საარჩევნო კოდექსის, ახალი საარჩევნო სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით, რომ თუ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა, არაფერი დალაგდება.
მისი თქმით, პრეზიდენტმა დღეს რუსეთზე ისაუბრა, მაგრამ ახალი არაფერი უთქვამს.
„პრეზიდენტმა უბრალოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით არანაირ დიალოგს, კონტაქტებსა და პოლიტიკას არ ხედავს. დღის წესრიგში ისევდაისევ ნატო-სკენ სწრაფვა დგას, რისი უფლებაც ცხადია, გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, უმაღლესი ხელისუფლება საფრთხეებს ვერ ხედავს. ვერ ხედავს, რა გველის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, ეს რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის გამთლიანებას და რამდენადაა ჩვენთვის სასარგებლო“, – განაცხადა მარშანიამ.
როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, რუსეთთან კონტაქტების, ამ ქვეყანასთან რთული, მძიმე, მაგრამ აუცილებელი პოლიტიკური დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა და საქართველოს გამთლიანება მათ შორის და პირველ რიგში, სიმბოლურად რომ ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაზე, კრემლზე, მოსკოვზე გადის.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად, განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.