აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ

საქმიანობის შეწყვეტა კონკრეტული ბიზნესისთვის რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია, მაგრამ ტურისტები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტებისა და სასტუმროს პერსონალის უსაფრთხოება.

„ვერ დავუშვებთ, რომ ტურისტები არ ცხოვრობდნენ და არ ისვენებდნენ უსაფრთხო გარემოში. ტურიზმი უნდა განვითარდეს და უნდა აშენდეს უფრო მეტი სასტუმრო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, ტურისტებისა და დასაქმებულების უსაფრთხოება. ერთი თვის წინ ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“ გააფრთხილეს, შესაბამისად, მისი კომპეტენციაა, სასტუმროში მყოფი ტურისტები გადაიყვანოს უსაფრთხო გარემოში და იმედი გვაქვს, ამას მოახერხებს“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მუშაობის შეწყვეტის მიუხედავად, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ პერსონალი ხელფასს მიიღებს.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.