აჭარაში ტურისტული სეზონი დღეს იხსნება
აჭარაში ტურისტული სეზონი დღეს იხსნება

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად დღეს იხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

„რეგიონს უკვე სტუმრობენ ტურისტები უკრაინიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები ხორციელდება. მალე, ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება დუბაიდან, შარჟადან და პოლონეთიდან. ქვეყანაში გაიხსნა სახმელეთო საზღვრები და რეგიონს ვიზიტორები მეზობელი ქვეყნებიდანაც სტუმრობენ.

აჭარაში არსებული ტურისტული ობიექტი, სასტუმროები და კვების ობიექტები აგრძელებენ კოვიდრეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვას. ზაფხულის ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, სადაც შრომის უსაფრთხოების ინსპექციის თანამშრომლებმა კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს კოვიდრეგულაციები და უსაფრთხოების სტანდარტები გააცნეს.

წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს რეგიონი სტუმრებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. განახლებული პეტრას ციხეც ვიზიტორების მოლოდინშია“,- აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამასთან, პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა და ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

აჭარაში ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე ერთი დღით ადრე, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

დატოვე კომენტარი