მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იხსნება
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები იხსნება

პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გაიხსნა და ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები უცხოელ მოგზაურებს აეროპორტებში გააცნობენ როგორც კოვიდრეგულაციებს, ასევე ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციას.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ. ჩვენთვის პრიორიტეტია, ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და მათ უსაფრთხოდ გაატარონ დრო საქართველოში. აღსანიშნავია, რომ როგორც თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საინფორმაციო ტურისტული ცენტრები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტის შესახებ, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია.