ააშენებს თუ არა „დოპელმაიერი“ მწვანე კონცხისა და შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზას, გუდაურის ინციდენტის გამოძიების შემდეგ დაზუსტდება
ააშენებს თუ არა „დოპელმაიერი“ მწვანე კონცხისა და შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზას, გუდაურის ინციდენტის გამოძიების შემდეგ დაზუსტდება

გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტის გამოძიების შემდეგ დაზუსტდება, ააშენებს თუ არა ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ მწვანე კონცხისა და შავი ზღვის სანაპიროს დამაკავშირებელ საბაგირო გზას.

სწორედ „დოპელმაიერია“ გუდაურში დამონტაჟებული საბაგიროს მწარმოებელი, რომელმაც ასევე, მწვანე კონცხისა და შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზას უნდა ააშენოს.

როგორც ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველ არხთან განაცხადა, კომპანიასთან ხელშეკრულების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია და ის გამოძიების შედეგებს დაელოდება.

„მე არ ვიცი რატომ უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება, სანამ არ დასრულდება შესაბამისი გამოძიება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მწვანე კონცხის საბაგირო გზა დღეში 5 000 ადამიანს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 110 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayr 1892 წელს დაარსდა და საბაგიროების უმსხვილესი მწარმოებელია. პირველ არხთან გუშინ, Doppelmayr-ის წარმომადგენელმა ეკარდ ასმანმა განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით, ჯერ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსგავსი ინციდენტი არ ახსოვს.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“.  ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხუთი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაშავებულებს შორის საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.