გუდაურის საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი - ბოლო 20 წელია, საბაგიროზე მსგავსი ინციდენტი არ მახსენდება
გუდაურის საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი - ბოლო 20 წელია, საბაგიროზე მსგავსი ინციდენტი არ მახსენდება

გუდაურში დამონტაჟებული საბაგიროს მწარმოებელი კომპანია Doppelmayr-ის წარმომადგენელი ეკარდ ასმანი ამბობს, რომ  დღევანდელი ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით, ჯერ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, Doppelmayr-ის წარმომადგენელი გუდაურში უკვე მიემგზავრება.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ვნახეთ ვიდეოები. ახლა ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, რა მოხდა. ჩვენი კოლეგა Doppelmayr-იდან უკვე მიდის გუდაურში. დაახლოებით ერთ საათში იქნება ადგილზე. მიზეზებთან დაკავშირებით არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია.

საბედნიეროდ, საბაგირო გზებზე ინციდენტები იშვიათია. მე პირადად, ბოლო 20 წლის პერიოდში არ მახსოვს ასეთი ინციდენტი. ამ ეტაპზე, არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია ინციდენტზე, მაგრამ ვმუშაობთ ამ საკითხზე“, – ამბობს ასმანი, რომელსაც პირველი არხი ვენაში დაუკავშირდა.

ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayr 1892 წელს დაარსდა და საბაგიროების უმსხვილესი მწარმოებელია.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, 10-მდე ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებული ვერტმფრენით თბილისში გადმოჰყავთ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა საბაგიროს მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.