„ვიტ ჯორჯიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი ვერ დაასრულა - მიზეზი მასობრივი ჩხუბი გახდა [ვიდეო]
„ვიტ ჯორჯიამ“ თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და კონფლიქტის გამო, ბოლომდე ვერ დაასრულა. „ვიტ ჯორჯიას“ მეტოქე ბოსნიური „სარაევო“ იყო. ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და მე-16 წუთზე უკრაინელმა არბიტრმა გადამეტებული უხეშობისთვის მოედნიდან ჯაჰიჩი გააძევა. „ვიტ ჯორჯიელებმა“ კეთილი ნება გამოიჩინეს და მეტოქე გუნდს გაძევებული მოთამაშის სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების საშუალება მისცეს.
ანგარიში მე-11 წუთზე ზურაბ მუსელიანმა გახსნა. ბოსნიელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს და მალე დაწინაურდნენ. მაგრამ 72-ე წუთზე პაატა ღუდუშაური ხუთ მცველს გაცდა და მოცელეს, პენალტი კი თავად უნაკლოდ შეასრულა – 2:2. ბოსნიური გამოცემა sportsport.ba წერს: „ქართული გუნდის მოთამაშე „სარაევოს“ რამდენიმე მოთამაშეს ლიონელ მესის სტილში გაცდა“.
ამის შემდეგ, „სარაევოს“ ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს. ვეტერინართა პრესსამსახური წერს, რომ „ამას დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო“.
ვიტ ჯორჯია 2:2 სარაევო
გოლები: 1:0 მუსელიანი (10′) 1:1 შიშიჩი (47′) 1:2 შოფრანაჩი (51′) 2:2 ღუდუშაური (პენ. 75′)
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 65′), გეთიაშვილი (ჩაკვეტაძე 65′), ვაზაგაშვილი (ვასაძე 65′), კურდღელაშვილი (ღუდუშაური 55′), ზარიძე (მოსიაშვილი 55′), მუსელიანი (მუჯირი 65′), კიკნაველიძე (საჯაია 65′), ქისიევი (ჩიტიშვილი 46′), მაისურაძე (კიკნაველიძე 46′), სეხნიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვეტერინარებმა სიდეში პირველი შეხვედრა პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონთან, „რაკოვთან“ შეხვედრაც ვერ დაასრულეს: მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.