5G-ის შესახებ აგორებულმა კონსპირაციულმა თეორიამ ბრიტანეთში სახიფათო ხასიათი შეიძინა
5G-ის შესახებ აგორებულმა კონსპირაციულმა თეორიამ ბრიტანეთში სახიფათო ხასიათი შეიძინა

მობილური კავშირის ანძებს გაერთიანებულ სამეფოში კვლავ ყოველდღიურად ესხმიან თავს, რადგან ერთ-ერთი კონსპირაციული თეორიის მიხედვით, 5G კავშირის კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ახალი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გასული რამდენიმე ღამის განმავლობაში კონსპირაციული თეორიის მიმდევრებმა ათეულობით თავდასხმა განახორციელეს როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე იქ დასამქებულებზე.

30 მარტის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში მობილური კავშირის ანძებზე 77 თავდასხმა განხორციელდა; მობილურ ინფრასტრუქტურაზე მომუშავე პერსონალის ცნობით კი, დაფიქსირებულია 180-ზე მეტი ინციდენტი თუ შეურაცხყოფის ფაქტი. ასევე იკვეთება საბოტაჟის 13 სხვა ფაქტი, მათ შორის თავდასხმის მცდელობები თუ მობილური ქსელის ინფრასტრუქტურის დაზიანება. 20 აპრილიდან 5 მაისამდე, წაქეზებული ადამიანების მხრიდან ანძებზე განხორციელდა 16 საბოტაჟური თავდასხმის 16 ფაქტი. თუ ამ მონაცემებს თავდასხმის წარუმატებელ მცდელობებსაც დავუმატებთ, ინციდენტთა რაოდენობა 74-მდე გაიზრდება.

რიცხვები ეფუძნება სატელეკომუნიკაციო კომპანია Openreach-ის მონაცემებს; სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ბრიტანეთის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის მოვლა-შეკეთებას. პირველი აპრილის შემდეგ, კომპანიამ დააფიქსირა საკუთარი თანამშრომლების შეურაცხყოფის 63 ინციდენტი. კონსპირაციული თეორიის მიმდევრები ასეთ შემთხვევებს ხშირად იღებენ და შემდეგ სოციალურ მედიაში აქვეყნებენ. აპრილის ბოლო ორ კვირაში Openreach-მა 20 ასეთი ინციდენტი აღრიცხა.

კონსპირაციული თეორია 5G-ისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ ფეისბუქსა და იუთუბზე ბოლო კვირებში განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით პოპულარული კ მას შემდეგ გახდა, რაც ამის შესახებ სოციალურ მედიაში ცნობილმა ადამიანებმა დაპოსტეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები ამ თეორიების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებს, ისინი გავრცელებას მაინც განაგრძობს.

აღნიშნული კონსპირაციული თეორიის ინტერნეტში გავრცელებას რეალურ ცხოვრებაში სახიფათო ეფექტი აქვს. Openreach-ის ინჟინრები, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა ჩართული 5G ინფრასტრუქტურის აწყობაში, დააბრკოლეს ან შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთ ინჟინერს, თავში ჯერ აგური ესროლეს, შემდეგ კი ბოთლი.

ზოგიერთი ასეთი შემთხვევა ფიზიკური ძალადობით დასრულდა. ზოგიერთი ინჟინერი საავადმყოფოშიც მოხვდა. Openreach-ის ერთ-ერთი ინჟინერი იხსენებს, როგორ მიუახლოვდა მას ქუჩაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შეკეთებისას ერთ-ერთი ადამიანი და დაუწყო საუბარი, რამდენად საშიში იყო 5G. ამავე დროს, ის ინჟინერს ემუქრებოდა, რომ ამის შესახებ ყველგან დაწერდა.

„მეუბნებოდა, რომ მე კორონავირუსს ვავრცელებდი მაშინ, როდესაც უბრალოდ ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი“, — იხსენებს ინჟინერი.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ფეისბუქზე 5G-ისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ 54 000-ზე მეტი პოსტი გამოჩნდა, რომლებზე რეაქციაც ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოხატა. ამ პოსტებს შორის ყველაზე პოპულარულია ფოტო, რომელზეც ბილ გეიტსს ეშმაკის რქები აქვს გამოსახული და 4600-ზე მეტჯერ არის გაზიარებული. ორ პოსტს კი, რომლებიც კონსპირაციონისტ დევიდ აიკის ფეისბუქგვერდის წაშლას აპროტესტებს, 7000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

სოციალური ქსელების რეაგირება ძირითადად არერეგულარულია. მართალია, დევიდ აიკი და მისი მსგავსი ფიგურები დაიბლოკნენ, მაგრამ ისევ აქტიურია უზარმაზარი ფეისბუქ-ჯგუფები, სადაც მსგავსი თეორიები უსწრაფესად ვრცელდება. ისევ აქტიურია აიკის გვერდი ტვიტერზე. იუთუბზე კონსპირაციონისტთა ვიდეოები სათაურებით „გაიგეთ სიმართლე“ 5G-ისა და კორონავირუსის შესახებ, კვლავ ათობით ათას ნახვას აგროვებს.

ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ მიუხედავად 5G-ის გარშემო აგორებულ კონსპირაციებთან კონცენტრირებული ბრძოლისა, ის მაინც აქტიურად ვრცელდება როგორც ინტერნეტში, ისე რეალურ ცხოვრებაში.

მომზადებულია wired.com-ის მიხედვით.