მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ ქვეყნის პარლამენტში საბოლოო კენჭისყრა გაიმართება
მაკედონიის პარლამენტი, რომელიც უკვე ხუთი დღეა, სახელმწიფოს სახელის შეცვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას განიხილავს, საბოლოო კენჭისყრისთვის ემზადება.
მედიის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომას ყველა დეპუტატი ესწრება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესია, რომელზეც საკითხს გაიტანენ, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ჯერჯერობით კვლავ ინტრიგად რჩება, შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის აუცილებელი ხმების მოპოვებას. იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა არ იქნება, მაკედონიას ვადამდელი არჩევნები ელოდება.
მაკედონიამ და საბერძნეთმა შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა დაერქვას, სანაცვლოდ საბერძნეთი ხელს აღარ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
რამდენიმე კვირის წინ მაკედონიაში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგები დაბალი აქტივობის გამო გაუქმდა.