43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს ჩილელი არტისტი იუგა ეწვევა
2 ოქტომბერს ბათუმს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში სპეციალური სტუმარი, ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი იუგა ეწვევა. მომღერალი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
იუგა მუსიკალურ სამყაროში 2008 წელს გამოჩნდა და ყურადღება მიიპყრო ჟანრების მრავალფეროვნებით – მღერის ბლუზს, კლასიკურ როკს, ოპერას, შანსონსა და პოპს.
იუგას გამოშვებული აქვს სამი CD, არის რამდენიმე თეატრალური შოუს ავტორი, რომელთაგან გამორჩეული იყო ედიტ პიაფისადმი მიძღვნილი სანახაობა, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა არგენტინასა და ურუგვაიში.
იუგას ახალი გატაცება ჭადრაკი და მუსიკაა. პირველ ასეთ კომპოზიციას „ო, კაპაბლანკა“ ეწოდა, რომელიც კომპოზიტორმა 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა.
სწორედ, ამ ახალი კომპოზიციითა და პერფორმანსით ეწვევა იუგა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. როგორც ჩილელი არტისტი აცხადებს, ეს საქართველოსა და ბათუმის ოლიმპიადისადმი და ზოგადად, ჭადრაკისადმი განკუთვნილი საჩუქარია.
უნდა აღინიშნოს, რომ იუგა უსასყიდლოდ ჩამოდის საქართველოში და ჰონორარის გარეშე მონაწილეობს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაში. ღონისძიება 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 20:00 საათზე გაიმართება.
იუგა ბათუმში 2 ოქტომბერს 18:10 საათზე ჩამოფრინდება.
წყარო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო