300 რუსი სპორტსმენი დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი
300 რუსი სპორტსმენი დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს 300 რუსი სპორტსმენის სია გაუგზავნა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დოპინგის გამოყენებაში, – იტყობინება Inside the Games. ამ სპორტსმენთა გვარები ფიგურირებს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში.

ვარაუდობენ, რომ სპორტსმენებმა დადებითი დოპინგ-სინჯები ჩააბარეს 2012 წლის აპრილიდან 2015 წლის სექტემბრამდე, მაგრამ მათი შედეგები უარყოფითით შეცვალეს.

ირკვევა, რომ სიაში შესულია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სახეობების წარმომადგენლები. ეჭვმიტანილ ათლეტთა ნაწილი შესაძლოა, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ვიხილოთ.

მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ინფორმაციის ასლი გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიას სამუელ შმიდის ხელმძღვანელობით. ეს კომისია იძიებდა რუსეთის სპორტის სამინისტროს თანამშრომელთა მონაწილეობას დოპინგის მასიურად მიღების ფაქტების დამალვაში.