3:0 ლიეტუვასთან - საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფი მოგებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რუსთავის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე ევრო 2023-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფში ბოლო შეხვედრა ლიეტუვასთან გამართა და 3:0 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. 32-ე წუთზე, ვახტანგ სალიას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ავთანდილ მაშავამ ლიეტუველთა კარი აიღო.
მეორე ტაიმში ბალტიისპირელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და საამისოდ რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, 83-ე წუთზე კი გიორგი გოგატიშვილის გადაცემით თემურ ოდიკაძემ ლიეტუველთა კარი მეორედ აიღო, 89-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 საქართველოს 17-წლამდე ნაკრების სასარგებლოდ.
ამით საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. პირველ მატჩში ჩვენი გუნდი ისრაელთან 1:3 დამარცხდა, მეორე შეხვედრა ინგლისთან დიდი ანგარიშით 2:6 დათმო და ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
ჯგუფში პირველ ადგილზე 7 ქულით ინგლისი გავიდა, რომელიც ბოლო ტურში დაუზავდა (1:1) ისრაელის ნაკრებს, რომელიც 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ბოლო ადგილზე 1 ქულით ლიეტუვა დარჩა.