25 მარტს მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT
25 მარტს მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT

საქართველოს მოყვარულთა ლიგის მე-7 სეზონი იწყება. ტურნირი 25 მარტს თბილისის ლიგის მატჩით სპორტის აკადემიაში მდებარე სფფ-ს ცენტრში გაიხსნება. ლიგაში სულ 52 გუნდი დარეგისტრირდა.

8 აპრილს სეზონი უკვე ლიგა 2-შიც გაიხსნება. მატჩები ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრებში (ვარკეთილი, გლდანი, ნუცუბიძე, ვაკე) და საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება. საინტერესოა, რომ ამ ტურნირის გასაშუქებლად შექმნილია საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის იუთუბ არხი, ხოლო მატჩის მიმოხილვები დაიდება „მოყვარულთა ლიგის“ ვებგვერდზე, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

რეგიონებში მოყვარულთა ლიგის პირველი ეტაპი ყველა მუნიციპალიტეტებში ოლიმპიური სისტემით აპრილიდან ჩატარდება და ივნისის ბოლოს დასრულდება. შემდეგ ეტაპზე გასვლას საქართველოს 61 მუნიციპალიტეტის გუნდები შეეცდებიან, სადაც 12 000-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი ითამაშებს. შემდეგი ეტაპია რეგიონების გამარჯვებულების შეხვედრები, რომელიც აგვისტოში დაიწყება.

2021 წლის სეზონში ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბმა და 12 000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩემპიონი თბილისის „ბასიანი“ 2022 წელს უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი დავით ყიფიანის თასის გათამაშებაშიც იასპარეზებს.