2 იანვარს ნოდარ ახალკაცის დაბადების დღეა - ლეგენდარული მწვრთნელი 85 წლის გახდებოდა #1TVSPORT
2 იანვარს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი 85 წლის გახდებოდა.
მის სახელს უკავშირდება თბილისის „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი და მთავარი ტიტული – 1981 წელის ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვება.
ლეგენდარული გუნდის ლეგენდარული მწვრთნელი, „დინამოს“ ყველაზე ტიტულოვანი პერიოდის შემოქმედი, ნოდარ ახალკაცი 1938 წელს დაიბადა. იყო სპორტის ოსტატი და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.
„დინამოს“ 1976-83 და 1985-86 წლებში ხელმძღვანელობდა. 1978 წელს მოიპოვა სსრკ-ის პირველობის ოქროს მედლები. 1977 წლის გათამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. „დინამო“ 1976 წლის გაზაფხული-შემოდგომისა და 1981 წლის ასპარეზობების ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. არის სსრკ-ს ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. ნოდარ ახალკაცის მოღვაწეობის გვირგვინი 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის მოპოვებაა.
აღსანიშნავია, რომ ნოდარ ახალკაცმა 1982 წელს „დინამო“ იმავე გათამაშების ნახევარფინალში გაიყვანა. არის ფიფა-სა და უეფა-ს ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი.
ნოდარ ახალკაცი 1998 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.